მაია ცქიტიშვილი- გაგრძელდება მთის განვითარება და გამყოფი ხაზის სოფლებისთვის სხვადასხვა ტიპის საბაზისო, განათლების და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოწყობა
21 დეკემბერი 2020
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კვლავ განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს მთის განვითარებას და მთის მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერების სხვადასხვა ღონისძიებებს. ასევე გაგრძელდება გამყოფი ხაზის სოფლებისთვის სხვადასხვა ტიპის საბაზისო, განათლების და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოწყობა- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე განაცადა.
მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ დიდ პროექტებთან ერთად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, გაგრძელდება მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება.
„2020 წელს 360 მლნ ლარით შევძელით 1065 პროექტის დაფინანსება. 40 მლნ ლარით დაფინანსდა სოფლის მხარდაჭრის პროგრამა, რაც საშუალებას გვაძლევს ყველაზე პატარა დასახლებაშიც კი დავაფინანსოთ მოსახლეობის მიერ სოფლის კრებაზე არჩეული პროექტი“,- განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.
მაია ცქიტიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპების აღდგენასთან ერთად რეგიონებისთვის მნიშვნელოვანი ფონდის მოცულობაც გაიზრდება, რადგან პანდემიის გათვალისწინებით სამინისტროს გეგმების გადახედვა მოუწია.